რომელ ქვეყნებშია პენსიონერებისთვის ცხოვრება ყველაზე ხელმისაწვდომი?
- ეკონომიკა
- აპრილი 5, 2024
- 100
ბოლო პერიოდში დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეები საპენსიო ასაკის გატარებას უცხო ქვეყნებში ამჯობინებენ. წლების განმავლობაში დაგროვებული პენსია და დანაზოგი მათ საშუალებას აძლევს სასურველ ქვეყანაში გადასახლდნენ, სადაც ყველაფერი გაცილებით იაფია და ამასთან, ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით გამოცემა LoveMoney–მ პენსიაზე გასვლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნები გამოავლინა. რეიტინგი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შედგა, ესენია: უსაფრთხოება, კარგი სამზარეულო და კლიმატი, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვა, ბინის ქირის ღირებულება და ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი.
პენსიონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ამავე დროს სასურველ მიმართულებად მაროკო სახელდება. ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება რაბათის ცენტრში საშუალოდ 192 დოლარი ჯდება. დაბალია კომუნალური გადასახადებიც, რაც აშშ-ის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ხუთჯერ, ხოლო ბრიტანეთისაზე რვაჯერ ნაკლებია. მაროკოში ცხოვრების ხარჯები ამავე ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 464 დოლარს შეადგენს, სასურსათო პროდუქტების მხრივ კი, მაროკო კიდევ უფრო იაფ მიმართულებად სახელდება. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, მდიდარი კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობა, ხელსაყრელი ჯანდაცვა და საგადასახადო რეჟიმი – ამ ბენეფიტების გათვალისწინებით მაროკოს მიმართ პენსიონერების, განსაკუთრებით კი, ფრანგების ინტერესი სულ უფრო მზარდია.
პენსიონერებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ვიეტნამი იკავებს. ერთოთახიანი ბინის ქირის საშუალო ხარჯი 221 დოლარს შეადგენს, ხოლო კომუნალურების თვიური საფასური დაახლოებით 66 დოლარით განისაზღვრება. ვიეტნამი ერთ-ერთ ყველაზე იაფი ინტერნეტითაც გამოირჩევა, 50 GB ინტერნეტის საფასური მხოლოდ 6 დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ვიეტნამი კვების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა და იქ ასევე დაბალბიუჯეტურია ტრანსპორტი და გასართობი აქტივობები. ქვეყანაში ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი დაახლოებით 466 დოლარს უტოლდება.
საპენსიო ასაკის ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თურქეთიც. ქვეყანაში ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გასართობი თუ დასასვენებელი აქტივობები, საკვები ობიექტები და ასევე ბინის დაქირავებაც, რომელიც თვეში დაახლოებით 387 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნალური ხარჯების თვიური საფასური კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დაახლოებით 60 დოლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაა სადაც ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით კარგად განვითარებულია.
ძვირად ღირებული დასავლური ქვეყნებიდან პენსიონერები საცხოვრებლად სულ უფრო ხშირად გადადიან ტაილანდში, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ხარჯები დაზოგონ და ამის პარალელურად იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არაჩვეულებრივი სამზარეულოთი, მეგობრული ხალხით, დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით, განვითარებული ჯანდაცვის სისტემით, ტროპიკული კლიმატითა და თვალწარმტაცი სანაპიროებით გამოირჩევა. აქვე ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ უამრავ ქვეყანასთან შედარებით ტაილანდში ხანდაზმულებს გაცილებით დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. ყოველთვიური საშუალო ხარჯი ქვეყანაში 556 დოლარს უტოლდება, ბინის ქირის ფასი კი თვიურად 235 დოლარის ფარგლებშია.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მონტენეგროც. მართალია, მის მეზობელ ხორვატიასთან შედარებით ქვეყანაში ბინის ქირის თვიური ხარჯი შედარებით ძვირია და დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს თანხა, ქვეყანაში ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯებით ბალანსდება. ერთი ადამიანისთვის მონტენეგროში ცხოვრების საშუალო ხარჯი თვის განმავლობაში დაახლოებით 652 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უცხოელი პენსიონერები ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის, იდეალური სანაპირო ზოლისა და მთების გამო სახლდებიან, რომლებიც სავსეა სახასიათო სოფლებითა და ბიუჯეტური სათხილამურო კურორტებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც Live & Invest Overseas-მა უწოდა ბალკანეთის ქვეყანა, ევროპის გამორჩეული საპენსიო თავშესაფარია.